ისტორიული წყაროები, დებატები, გაზეთები... კომპლექსური დავალება შეასრულეს და დისკუსია წარმართეს მე-9/ბ კლასის (დამრ. მაია ჩიქვინიძე) მოსწავლეებმა, ისტორიის წამყვან მასწავლებელთან, ცირა გრიშიკაშვილთან ერთად.
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid02BbH7en8ySscSTJTPWcSzbPxa9esdqtTY7dZ9TmdsyzxicJ7oMoaUxnwuskEq5Drrl&id=100009506949649

მიზანი:

• · მოსწავლეები აანალიზებენ რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის მიზეზებს.

• მსჯელობენ ქართველი მეფეების მიერ არჩეული კურსის შედეგებზე.

• უმუშავდებათ ურთიერთთანამშრომლობისა და საკუთარი აზრის, არგუმენტებით განმტკიცების უნარი.

სამიზნე ცნებები:

• მოსწავლეები ინფორმაციას წარსულის შესახებ წყაროებიდან იღებენ.

• იყენებენ სხვადასხვა პირველად თუ მეორად წყაროს.

• მსჯელობენ წყაროების სანდოობაზე.
კომპლექსური დავალების პირობა:

• მოსწავლეები, როგორც ისტორიკოსები, იკვლევენ რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოს გაუქმების მიზეზებსა და ამ საკითხთან დაკავშირებულ წყაროებს.

მათ ხელთ აქვთ ,,გეორგიევსკის ტრაქტატი”, ,,სათხოვარი პუნქტები” და ,,ელაზნაურის ტრაქტატი”. მათი მიზანი წყაროების გაანალიზება, კვლევისთვის მნიშვნელობის დადგენა და დასკვნის სამეცნიერო სტატიაში ჩამოყალიბებაა.

შექმნილ სტატიებში მოსწავლეებმა განიხილეს სამი ისტორიული დოკუმენტი: ,,გეორგიევსკის ტრაქტატი”, ,,სათხოვარი პუნქტები” და ,,ელაზნაურის ტრაქტატი”.

იმსჯელეს ქართველი მეფეების ერეკლე II-ის, გიორგი XII-ის და სოლომონ II-ის არჩეული პოლიტიკური კურსის შედეგებზე.
მოსწავლეებმა ინდივიდუალურად, სხვადასხვა პირველადი, თუ მეორადი წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეასრულეს კომპლექსური დავალება და როგორც ისტორიკოსებმა, დაწერეს სტატიები თემაზე: ,,საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვა, შეცდომა თუ კანონზომიერება”.

წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია არაერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ამიტომ მათი ინტერპრეტაცია მოსწავლეებს შორის დისკუსიის საგანი გახდა. მე-9 კლასის ისტორიკოსებმა იკამათეს ისტორიული მოვლენების მიზეზებისა და შედეგების შესახებ ორი მიმართულებით:

• ,,რა ხელს-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული გალიაშია დატყვევებული”, ,,ახლა კი დროა სოლომონ რომა, მშვიდობა ნახოს საქართველომა” ამ სიტყვებით დასათაურდა მოსწავლეების სტატიებით შექმნილი კედლის გაზეთები.

• ასე დაიყო ორ ბანაკად კლასი. არგუმენტირებული მსჯელობით ისინი ამყარებდნენ საკუთარ პოზიციას და მსჯელობდნენ ისტორიულ მოვლენებზე.

• დასკვნითი სახით, შერჩეულმა მოსამართლეებმა შეაჯამეს დისკუსია და თქვეს, რომ ორივე მხარეს აქვს სიმართლე, ძნელია ერთ-ერთის მართებულობის მტკიცება, მედალს ორი მხარე აქვს და ეს დავა მარადიულად შეიძლება არსებობდეს.

მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიის მტკივნეული პერიოდი გაიხსენეს და ერეკლე II-ის დაბადების დღეს მიუძღვნეს დაუვიწყარი გაკვეთილი.

შემაჯამებელ დისკუსიას ესწრებოდა დირექცია და მასწავლებელთა წარმომადგენლები. მათი თქმით, აშკარად წარმოჩნდა მოსწავლეთა ცოდნა, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები.

ჩვენი სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები ღირსეულ თაობებს უზრდიან ქვეყანას.